Xerxemali.pptx

  • Uploaded by: Tati Tati
  • 0
  • 0
  • May 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Xerxemali.pptx as PDF for free.

More details

  • Words: 1,680
  • Pages: 19
ხერხემლის შეერთებანი articulations vertebrales მომიჯნავე მალების სხეულები, რკალები და თანამოსახელე მორჩები უკავშირდება ერთმანეთს ძვალთა სხვადასხვა სახის როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი შეერთებებით. შეერთებათა სიმტკიცე და მოძრაობის თავისუფლება ხერხემლის სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულია და შეესაბამება ამ უბნის ფუნქციურ დატვირთვას. იქ, სადაც საჭიროა დიდი სიმტკიცე, მოძრაობა მეტადაა შეზღუდული ანდა მალები საერთოდ უძრავად არის დაკავშირებული ერთმანეთთან (გავის მალები), იქ კი, სადაც მოძრაობის დიაპაზონი დიდია, მალები შედარებით თავისუფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული (კისრის მალები). მალთა უწყვეტი შეერთებანი მალებს შორის ვხვდებით ძვალთა უწყვეტი შეერთებების ყველა სახეს (ფიბროზულს, ხრტილოვანს და ძვლოვანს), რომელთაგან ფილოგენეზურად ძველია და ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანია მალთა სხეულების ურთიერთდაკავშირება ხრტილოვანი ქსოვილით.

ხერხემლის სვეტის შეერთებანი Articulationes vertebrales ცალკეული მალები სხვადასხვა ტიპის შეერთებებით უკავშირდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან ხერხემლის სვეტს – columna vertebralis. ეს შეერთებებია: მალთაშუა დისკოები – disci intervertebrales, – ერთმანეთთან აერთებს მალების სხეულებს;

რკალმორჩების შეერთებანი – juncturae zygapophyseales, – აერთებს თითოეული მალის ქვემო სასახსრე მორჩს მომდევნო მალის ზემო სასახსრე მორჩთან; ხერხემლის იოგები – ligg. columnae vertebralis, რომლებიც გადაჭიმულია მალების სხეულებს, რკალებსა და მორჩებს შორის; გავა – კუდუსუნის შეერთება – junctura sacrococcygea;

მალთა დაკავშირება ხრტილოვანი ქსოვილით (სინქონდროზები) მალთაშუა დისკოები Disci intervertebrales _ მალების სხეულებს შორის ჩართული ხრტილოვანი ფირფიტებია. დისკოს პერიფერიული ნაწილი ირიბი, ურთიერთგადამკვეთი ფიბროზული ძაფებით ქმნის ერთიან, მტკიცე ფიბროზულ რგოლს _ anulus fibrosus, _ რომლებიც მეზობელი მალების სხეულების ძვლისსაზრდელაშია ჩაწნული. ფიბროზული რგოლის ცენტრალურად მდებარეობს მისგან სრულიად განსხვავებული მეტად ელასტიკური რბილი ბირთვი _ nucleus pulposus. ეს უკნასკნელი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს (მალების სხეულებს შორის მუდმივი დაჭიმულობის შექმნა, რყევების ამორტიზიტება, სხეულებს შორის ხახუნის შემცირება და სხვა). მალთაშუა დისკო იმდენად ელასტიკური და ამავე დროს მტკიცეა, რომ ძლიერი ტრავმის დროსაც კი, რომელმაც მალის სხეულის მოტეხილობაც კი შეიძლება გამოიწვიოს, დისკი, როგორც წესი უვნებელი რჩება. ამავე დროს მალთაშუა დისკოები განიცდის როგორც ფუნქციური დატვირთვით გამოწვეულ (დროებით), ასევე ასაკობრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს. უკანასკნელ პერიოდში ზოგი ავტორი ამ შეერთებას სიმფიზებს მიაკუთვნებს.

მალთაშუა დისკოები Disci intervertebrales; Intervertebral disks; intervertebral (fibro) cartilages მალთაშუა დისკოები (ხრტილები) მოთავსებულნი არიან ხერხემლის სვეტის კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილის მეზობელი მალების სხეულებს შორის. მალთაშუა დისკო – disci intervertebrales, ბოჭკოვანი ხრტილია.

მასში არჩევენ: პერიფერიულ ნაწილს – ფიბროზულ რგოლს – anulus fibrosus, და ცენტრალურად მდებარე რბილ ბირთვს – nucleus pulposus. ფიბროზული რგოლის წარმომქმნელი კოლაგენური ბოჭკოები სამი მიმართულებისაა: კონცენტრული, ირიბი და სპირალისებრი.

გავა -კუდუსუნის შეერთება ხერხემლის მალების ხრტილოვან შეერთებებს შორის განსაკუთრებით უნდა განვიხილოთ გავაკუდუსუნის შეერთებით – junctura sacrococcygea, გავის მეხუთე მალის სხეული უკავშირდება კუდუსუნის პირველის მალის სხეულს.

გარედან იგი გამაგრებულია შემდეგი იოგებით: 1. გავა – კუდუსუნის ლატერალური იოგი – lig. sacrococcygeum laterals, გაჭიმულია გავის ბოლო და კუდუსუნის პირველის მალების განივ მორჩებს შორის და წარმოადგენს განივ მორჩთაშუა იოგის – Lig. intertransversarium გაგრძელებას; 2. გავა – კუდუსუნის ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum ventrale, წარმოადგენს წინა გასწვრივი იოგის – lig. longitudinale anterius გაგრძელებას და შედგება გავა – კუდუსუნის შეერთების წინა ზედაპირზე მდებარე ორი კონისაგან; ამ კონების ბოჭკოები მსვლელობისას ჯვარედინდებიან. 3. გავა – კუდუსუნის ზედაპირული ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum dorsale superficiale, გაჭიმულია კუდუსუნის უკანა ზედაპირსა და გავის არხის შესასვლელის გვერდით კედლებს შორის და ხურავს მის ხვრელს. იგი შეესაბამება ხერხემლის სვეტის ყვითელსა და წვეტზედა იოგებს. 4. გავა – კუდუსუნის ღრმა ვენტრალური იოგი – lig. sacrococcygeum dorsale profundum, წარმოადგენს უკანა გასწვრივი იოგის – lig. longitudinale posterius გაგრძელებას.

ეს შეერთება სქესისა და ასაკის მიხედვით მნიშვნელოვნად ცვალებადობს.იგი პრეპუბერტულ პერიოდამდე, როგრც წესი, მალთა სხეულებს შორის არსებული ჩვეულებრივი შეერთებების ტიპისაა და მალთაშუა ხრტილოვანი დისკო აკავშირებს გავის V მალის სხეულს კუდუსუნის I მალის სხეულთან (კუდუსუნის ძვალთან). სქესობრივად მომწიფებული გოგონებისა და ქალების დისკოს სისქეში რბილი ბირთვის ნაცვლად გამჭირვალე სითხით ამოვსებული ნაპრალი წარმოიქმნება და მალთა დაკავშირება ხრტილოვანი შეერტების ნაირსახეობის სიმფიზის _სახეს ღებულობს. ზოგ შემთხვევაში კი შეერთებაში მონაწილე ზედაპირები სასახსრე ხრტილით იფარება და ეს დაკავშირება სინოვიურ შეერთებად (სახსრად) გადაიქცევა, რაც მეტად იშვიათია.

ქალებში შეერთების ზემოაღწერილი თავისებურება ხელს უწყობს კუდუსუნის დორსალურად გადაადგილებას მშობიარობის დროს, რაც ნაწილობრივ ზრდის მცირე მენჯის ქვედა გასავალს. ამ შეერთებას უმეტესად სიმფიზებს მიაკუთვნებენ.

მალების დაკავშირება ბოჭკოვანი ქსოვილით (სინდესმოზები). აღნიშნული დაკავშირებები წარმოდგენილია ორი ჯგუფის სახით, ხერხემლის გრძელი და მოკლე იოგებით. ხერხემლის გრძელი იოგები მალებს აკავშირებს ხერხემლის მთელ სიგრძეზე განუწყვეტელი ერთი მთლოანი იოგოვანი ზონრის სახით. მათ მიეკუთვნება . წინა გასწვრივი იოგი – lig. longitudinale anterius და უკანა გასწვრივი იოგი – lig. longitudinale posterius. აღნიშნული იოგები შესაბამისად გასდევს მალების სხეულების წინა და უკანა ზედაპირებს. ახალშობილთა წინა იოგის ბოჭკოები სუსტად არის დაკავშირებული მალთაშუა დისკოს ფიბროზულ რგოლებთან და უფრო მტკიცედ მალების ძვლისსაზრდელასთან. წინა იოგი იწყება პირველი მალის ბორცვიდან და მთავრდება კუდუსუნის მალებზე. უკანა კი _ მიჰყვება მალების სხეულებს ხერხემლის არხის მხრიდან მთელ სიგრძეზე, გავის ძვლის დასაწყისამდე. ორივე იოგში არჩევენ ზედაპირულ და ღრმა (შედარებით მოკლე) ბოჭკოებს. წინა გასწვრივი იოგი კრანიალურ ნაწილში ვიწროა და კაუდალურად თანდათან ფართოვდება, უკანა _ პირიქით.

წვეტზედა იოგი _ lig. supraspinale _ მიჰყვება წვეტიანი მორჩების მწვერვალებს. კისრის VI მალის ზევით იგი განივრდება და გადადის ქედის იოგში _ lig. nuchae, ქვევით კი მთავრდება გავის ძვლის შუა ქედზე.

ხერხემლის მოკლე იოგები: ყვითელი იოგები _ ligg. Flava _განლაგებულია მალების რკალებს შორის. ისინი თავისი მდებარეობისა და ფუნქციური დანიშნულების გამო (შემოფარგლავენ მალთაშუა ხვრელებს, რომლებშიც ზურგის ტვინის ნერვები გამოდის) განსაკუთრებული სახის ელასტიკური ბოჭკოებით არის შექმნილი, რის გამოც ზოგჯერ შეერთებათა ცალკე სახედ გამოჰყოფენ ხოლმე. ასეთი იოგები მხოლოდ ადამიანის ხერხემალს ახასიათებს და, უნდა ვიფიქროთ, რომ მათი განსაკუთრებული თვისებრიობა დაკავშირებულია სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობასთან და ერთგვარ დამცველობით ფუნქციას ასრულებს სიმტკიცესა და, ამავე დროს, მოქნილობის შერწყმის სახით, რაც აუცილებელია მათ სიახლოვეს გამავალი ზურგის ტვინის ნერვების დასაცავად დაზიანებისა და ზეწოლისგან ხერხემლის სვეტის მკვეთრი მოძრაობის დროს. ყვითელი იოგები არ არის კისრის I და II მალებს შორის, აქ ისინი ჩანაცვლებულია ფიბროზული აპკით, რაც თავის მხრივ, ამ დაკავშირების განსაკუთრებულ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

წვეტთაშუა იოგები _ ligg. Interspinalia _ საგიტალურ სიბრტეში მდგომი, ბრტყელი ბოჭკოვანი ფირფიტებია, რომლებიც მთლიანად ავსებს მეზობელ წვეტიან მორჩებს შორის არსებულ სივრცეებს. ხერხემლის სხვადასხვა უბანზე წვეტიანი მორჩების ფორმისა და მათ შორის სივრცის ოდენობის შესაბამისად და სხვადასხვა ზომა და ფორმა აქვთ. განივ მორჩთაშუა იოგები _ ligg. Intertransversaria _ წყვილად განლაგებული, ნაზი ბოჭკოების კონებია, ისისნი მეზობელ განივ მორჩებს აკავშირებენ ერთმანეთთან და ხერხემლის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ინტენსივობით არიან წარმოდგენილი.

მალთა წყვეტილი შეერთებანი (სახსრები) ატლას – აქსისის შუა სახსარი – articulatio atlantoaxialis mediana _ სახსარი აქსისის კბილის წინა და უკანა სასახსრე ზედაპირის შესახსრებით _ წინიდან ატლასის წინა რკალით (კბილის ფოსოსთან), ხოლო უკნიდან ატლასის განივ იოგთან _ lig. transversum atlantis – ისე, რომ აქსისის კბილი ჩასმულია კონგრუენტულ ღრუში და მიიღება ერთღერძიანი ცილინდრული სახსარი, რომლშიც მხოლოდ ბრუნვაა შესაძლებელი ვერტიკალური ღერძის ირგვლივ (თავის მობრუნება მარჯვნივ და მარცხნივ ატლასთან ერთად). სახსარში მონაწილეობის გარდა, აღსანიშნავია ატლასის განივი იოგის განსაკუთრებული დამცველობითი როლი აქსისის კბილსა და მის უკან გამავალ ზურგის ტვინს შორის საიმედო კედლის შექმნაში, რაც უზრუნველყოფს კბილის მოძრაობისა და განსაკუთრებით რყევის დროს ზურგის ტვინის დაზიანების აცილებას, თუმცა განსაკუთრებით ძლიერი ტრავმის შემთხვევაში მოსალოდნელია ამ იოგის გაგლეჯა და ზურგის ტვინის დაზიანება. ამავე ფუნქციაში მონაწილეობს ატლასის ჯვარედინა იოგიც _ lig. cruciforme atlantis.

ატლას – აქსისის გვერდითი სახსარი – articulatio atlantoaxialis lateralis სახსარი მიეკუთვნება ბრტყელ კომბინირებულ სახსარს და უზრუნველყოფს ატლასთან ერთად თავის მოძრაობას სამივე ღერძის ირგვლივ. შედარებით თავისუფალი სასახსრე ჩანთა არ ზღუდავს I მალისა და მასთან ერთად თავის მოძრაობას ვერტიკალური ღერძის ირგვლივ (ბრუნვას) თითქმის 40 გრადუსისთ როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ. ეს ორივე სახსარი ფუნქციურად დაკავშირებულია ერთმანეთთან, ვინაიდან ერთ–ერთის მოძრაობა ვრცელდება მეორეზე (კომბინირებული სახსრები). აღნიშნული სახსრები, ზემომოყვანილი იოგების გარდა, გამაგრებულია ფრთისებრი იოგებით _ ligg alaria, კბილის მწვერვალის იოგებით lig. აpicis dentis. ყველა აღნიშნული იოგი მოქცეულია ერთი მთლიანი მფარავი აპკის _ membrane tectoria ქვეშ. სასახსრე მორჩებს შორის სახსარი _ art. zygoapophysialis აღნიშნული შეერთება (რკალ–მორჩთა სახსარი) ხორციელდება თითოეული მალის ქვედა სასახსრე მორჩებსა და მომდევნო ქვედა მალის ზედა სასახსრე მორჩებს შორის. კომბინირებული მრავალღერძიანი სახსარია, წელის მალების გარდა, სადაც სასახსრე მორჩები საგიტალურ სიბრტყეში დგას და მათი შეერთება ერთ ღერძიან ცილინდრულ სახსარს ქმნის. ეს სახსარი აქვს ყველა მალას გავის, კუდუსუბისა და კისრის I-II მალებს შორის დაკავშირების გარდა.

გულმკერდის შეერთებანი _ articulations thoracis გულმკერდის შეერთებებით ერთმანეთთან დაკაშირებულია გულმკერდის ჩონჩხის შემადგენელი ძვლები და ამ თვალსაზრისით მათში გულმკერდის მალების ურთიერთდაკავშირებაც იგულისხმება. აქ განიხილება ნეკნების დაკავშირება, ერთი მხრივ (დორსალურად) მალებთან, ხოლო მეორე მხრივ (ვენტრალურად) _ მკერდის ძვალთან ან ერთმანეთთან. პირველი 10 ნეკნი ამყარებს ოთხ განცალკავებულ კავშირს: შესაბამის (ან მასთან მომიჯნავე) მალის სხეულთან, მალის განივ მორჩთან, მკერდის ძვალთან და მეზობელ ნეკნებთან. ამიტომ ამ ნეკნებისა და მათი შესაბამისი გულმკერდის სხვა შემადგენელი ელემენტების ერთიანობით მიიღება საკმაოდ მტკიცე, მაგრამ ამავე დროს შექმნილი წრე. რაც შეეხება XI და XII ნეკნებს (costae fluctuentes) მათ მხოლოდ თითო კავშირი აქვთ შესაბამისი მალების სხეულთან და ამიტომ შედარებით სუსტი და ადვილად მოძრავნი არიან.

1. ნეკნის თავის სახსარი – articulatio capitis costae _ ორგვარადაა წარმოდგენილი: I, XI და XII ნეკნების სადაზედაპირიანი თავები ესახსრება შესაბამისი (T1, T11 და T12) მალის სხეულის თითო სასახსრე ღრმულს და ქმნის ბრტყელ სახსარს , ხოლო II-X ნეკნების ნეკნის თავის ქედით ორად გაყოფილი სასახსრე ზედაპირი ერთდროულად უკავშირდება ორი მეზობელი (ზედა და ქვედა) მალის სასახსრე ღრმულს და მნის ორღერძიან, უნაგირა სახსარს. ამ უკანასკნელში ნეკნის თავის ქედიდან მალთაშუა ფიბროზულ რგოლამდე (annulus fibrosus) გაჭიმულია ნეკნის თავის სახსარშიგა იოგი lig capitis costae intraarticulare . ყოველი ნეკნის თავის სასახსრე ჩანთა გამაგრებულია ნეკნის თავის სხივისებრი იოგით lig. Capitis costae radiatum.

2. . ნეკნ – განივი სახსარი – articulatio costotransversaria _აკავშირებს ნეკნის ბორცვის სასახსრე ზედაპირს შესაბამისი მალის განივი მორჩის სანეკნე ფოსოსთან . სახსარი კარგად არის ფიქსირებული ლატერალური და ზედა ნეკნ–განივი იოგებით _ ligg. costotransversaria laterale et superior _ და განსაკუთრებით მათ შორის მდებარე _ lig. Costotransversarium. ბრტყელი სასახსრე ზედაპიირების მიუხედავად ორივე სახსარში (1 და 2) ერთდროულად მოძრაობის გამო (კომბინირებული სახსარი) ცილინდრული სახსრის მსგავსად მხოლოდ ერთი საერთო ღერძის ირგვლივ ხორციელდება ბრუნვა.

3. მკერდ ნეკნის სახსრები _ articulations sternocostales. სხვადასხვა ნეკნი მკერდის ძვალთან განსხვავებულად არის დაკავშირებული. II-VII ნეკნები უკავშირდება მკერდის ძვლის სათანადო ამონაჭდევს სინოვიური შეერთებით (სახსარი). ამავე დროს მეორე ნეკნის შეერთებას (იშვიათად სხვა ნეკნებსაც) აქვს _ lig. sternocostale intraarticulare. აღნიშნული გარემოება და ისიც, რომ I ნეკნი არა სინოვიური, არამედ შედარებით უფრო მტკიცე, ხრტილოვანი შეერთებით არის დაკავშირებული, უზრუნველყოფს მკერდის ძვლის ტარის მნიშვნელოვან ფიქსაციას, რაც თავის მხრივ, მასზე ზედა კიდურის სარტყლით გამოწვეული დატვირთვის დასაძლევად არის აუცილებელი. მკერდ–ნეკნის სახსრები როგორც შიგნიდან, ასევე გარედან გამაგრებულია მკერდ–ნეკნის სხივისებრი იოგებით _ ligg. sternocostalia radiate, რომელთაგან გარეთა იოგები შედარებით უკეთაა გამოხატული. ეს უკანასკნელი ვრცელდება მკერდის ძვლის წინა ზედაპირზე, მჭიდროდ უკავშირდება როგორც იმავე, ასევე მოპირდაპირე მხრის ბოჭკოებს და ქმნის ერთიან ე.წ მკერდის აპკს _ membrane sterni.

4. ხრტილთაშუა სახსრები. როგორც ავღნიშნეთ, VIII-IX და X ნეკნები სამკერდე ბოლოების ხრტილებით ჯერ უკავშირდებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ _ VII ნეკნს, ამ უკანასკნელით კი _ მკერდის ძვალს. აღნიშნული ნეკნების ხრტილოვან ნაწილებს შორის იქმნება სინოვიური დაკავშირება ხრტილთაშუა სახსრები _ articulations interchondrales _მოგრძო ნაპრალის ფორმის სასახსრე სასახსრე ღრუთი.

5. გულმკერდის ხრტილოვანი შეერთებანი. გულმკერდის შეერთებათაგან ცალკე უნდა განვიხილოთ მკერდის ძვლის ნაწილებს შორის არსებული ხრტილოვანი შეერთებანი, კერძოდ შეერთებანი მკერდის ტარსა და სხეულს შორის ტან–მკერდის სინქონდროზი _ synchondrosis manubriosternalis და სხეულსა და მახვილისებრ მორჩს შორის _ მკერდ–მახვილისებრი სინქონდროზი _synchondrosis xiphosternalis. ორივე აღნიშნული შეერთება მიეკუთვნება დროებით ხრტილოვან დაკავშირებას, როგორ წესი, გარდაიქმნება ძვლოვან შეერთებად, პირველი დაახლოებით 40 წლის, ხოლო მეორე 30 წლის შემდეგ. იშვიათად მათ შეიძლება სამუდამოდ შეინარჩუნონ ხრტილოვანი შეერთების სახე.

More Documents from "Tati Tati"

Xerxemali.pptx
May 2020 43
November 2019 30
2017-iii.pdf
May 2020 12
Dapus.docx
May 2020 9